Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი რუსეთს ადანაშაულებს ყირიმში "გაწვევის კამპანიის" დაწყებაში


ახალგაზრდა ყირიმელი წვევამდელი სამედიცინო შემოწმებას გადის, რუსეთის არმიაში გაწვევის შემდეგ

ევროკავშირმა მოსკოვს ბრალი დასდო სამხედრო გაწვევის კამპანიის დაწყებაში უკრაინის რუსეთის მიერ კონტროლირებულ, ყირიმის რეგიონში. ბლოკის შეფასებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

ევროკავშირის მკაცრად ფორმულირებული განცხადების ფონია უკრაინის მხრიდან რუსეთის მიმართ გამოთქმული ბრალდება, რომ ის მათ საერთო საზღვართან სამხედრო ძალებს აძლიერებს - რასაც კრემლი უარყოფს.

"დღეს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო გაწვევის კიდევ ერთი კამპანია უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, რათა ნახევარკუნძულის მცხოვრებნი გაიწვიოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში" - წერს ევროკავშირი 1 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სამხედრო ძალებში გაწვევის კამპანიებს რუსეთი წარსულშიც გაზაფხულობით ატარებდა ხოლმე.

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყირიმში დაწყებული გაწვევის კამპანია წარმოადგენს "საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის კიდევ ერთ დარღვევას". ბლოკი ხაზს უსვამს, რომ "რუსეთის ფედერაცია შეზღუდულია საერთაშორისო სამართლით და ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა ნახევარკუნძულზე". განცხადებაში კიდევ ერთხელ ნათქვამია, რომ "ევროკავშირი არც ახლა და არც მომავალში აღიარებს [ყირიმის] უკანონო ანექსირებას".

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება 2014 წლის მარტში განახორციელა - იქ სამხედროები გაგზავნა და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა უკანონოდ მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG