Accessibility links

site logo site logo

აშშ-მა სანქციები მოუხსნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობა ჰააგაში. 2019 წელი

აშშ-მა სანქციები გაუუქმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მაღალი რანგის წევრებს, მათ შორის, პროკურორს, რომელმაც გამოძიება დაიწყო აშშ-ის სამხედროების მიერ ავღანეთში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციების გაუქმების შესახებ გამოაცხადა 2 აპრილს და თქვა, რომ ისინი იყო „უადგილო და არაეფექტიანი“.

სანქციები დაწესდა შარშან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ პროკურორ ფატუ ბენსუდას და სასამართლოს სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ. პომპეომ ჰააგაში დაფუძნებულ ინსტიტუტს ბრალად დასდო აშშ-ის სახელმწიფო სუვერენიტეტის შელახვა, როცა დაიწყო ავღანეთში თალიბების და ავღანეთის ძალების, ასევე აშშ-ის სამხედროების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულების გამოძიება. აშშ გააღიზიანა სასამართლოს ქმედებამ, როცა მან დაიწყო ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიებზე ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიება.

ბლინკენის თქმით, ამ ნაბიჯის მიუხედავად, აშშ აგრძელებს, კატეგორიულად არ დაეთანხმოს სასამართლოს ქმედებას ავღანეთისა და პალესტინელთა მიმართ. ბლინკენის თანახმად, აშშ წინააღმდეგია სასამართლოს მცდელობებისა, თავისი იურისდიქცია გაავრცელოს აშშ-სა და ისრაელზე, რომლებიც არ არიან სასამართლოს წევრები.

ვაშინგტონი, განაცხადა ბლინკენმა, თვლის, რომ ამ პრობლემების მოგვარება სასამართლოსთან თანამშრომლობით ჯობია და არა სანქციების გზით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG