Accessibility links

site logo site logo

ოპოზიციის ნაწილი მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეიკრიბა


ფოტო არქივიდან

ოპოზიციური პარტიების ნაწილი, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "ერთიანი საქართველო", "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში არიან შეკრებილი. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, მთავარი თემა ხელისუფლებასთან ჩაშლილი მოლაპარაკებები და 15 მაისს დაგეგმილი აქციის დეტალები იქნება.

"პირველი შეხვედრა არის ამ მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ და მაინტერესებს სხვა პარტიების განწყობები... ოპოზიცია არ ეთანხმებოდა [დანიელსონის შეთავაზებას] და ეს თქვა საჯაროდ, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", რომელიც ამბობს, რომ თანახმა იყო და ვირეშმაკობს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა.

წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, - წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოსათვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი.

რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინანსო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG