Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლეთიანი: თუ ნამოხვანში არ გაგვიშვებენ, გუმათშიც გავშლით კარვებს


რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, სადაც 12 საათზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

გუმათში პოლიციაა მობილიზებული, რომლებსაც სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა აქვთ ჩაკეტილი.

ვარლამ გოლეთიანი, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი ამბობს, რომ ისინი პოლიციას სოფელ ნამოხვანში გადასვლის უფლებას მოსთხოვენ:

„ჩვენ გვინდა სოფელ ნამოხვანში ასვლა. ეს ჩვენი კანონიერი უფლებაა და უნდა გაგვიშვან. მათ აქვთ არგუმენტი, რომ ხეობაში დაპირისპირება არ მოხდეს. ჩვენ 161 დღეა ამ ხეობას ვიცავთ და არანაირ დაპირისპირებას არ ვიწვევთ. ხედავთ, მობილიზებულები არიან განსაკუთრებულად, წყლის ჭავლის მანქანაც არის, უნდათ გვიჩვენონ რეპრესიული ძალა, რომ სიტყვით და არგუმენტით ვერ გვიპირისპირდებიან, რადგან არ აქვთ არცერთი და არც მეორე, ამიტომ ცდილობენ დაგვანახონ, რომ ძალა აქვთ და დაანახონ მოსახლეობას, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებენ. თუ ეს ასე იქნება, ჩვენ აქაც მოვაწყოთ შესაბამის ინფრასტრუქტურას, რომ გავათენოთ ღამე“.

3 აპრილს, რიონის ხეობაში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო. პოლიციას ბლოკირებული ჰქონდა ხეობის ის ნაწილი, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობა იგეგმება. იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.

3 აპრილს, ღამით, პოლიციამ "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით, „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის დააჯარიმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც გუმათიდან ნამოხვანში აპირებდნენ ასვლას და რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ.

4 აპრილს, 12 საათზე, სოფელ გუმათში აქციაა დაგეგმილი.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG