Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენების შესახებ, უწყების განმარტებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულნი. გარდა ამისა, ადგილზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ინფრასტრუქტურაც.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც განმარტებულია, რომ რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელი მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით.

რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა.

რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყება, უზრუნველყოფს, თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

სოფელ გუმათში, ნამოხვანისკენ მისასვლელი გზა, სადაც ჰესის მშენებლობა იგეგმება, მეორე დღეა ბლოკირებულია პოლიციის მიერ. 3 აპრილს, იქ დილიდან ჩასული იყო ჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე. მან მოსახლეობას, პროტესტის მიუხედავად, უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდებოდა.

3 აპრილს, ღამით, პოლიციამ "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომლებიც გუმათიდან ნამოხვანში აპირებდნენ გადასვლას და იმედი ჰქონდათ, რომ თავს ხეობაში განთავსებულ კარვებს შეაფარებდნენ.

სოფელ გუმათში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის ორგანიზატორებმა იქ კარავიც გაშალეს.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები გაიმართა ქუთაისშიც.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG