Accessibility links

site logo site logo

გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით საავტომობილო მსვლელობა მოეწყო


პოლიტიკოს გოგი წულაიას გათავისუფლების მოთხოვნით, რესპუბლიკის მოედნიდან გენერალური პროკურატურის მიმართულებით საავტომობილო მსვლელობა მოეწყო.

მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ გოგი წულაია ისჯება ბერა ივანიშვილისადმი მიძღვნილი „საპასუხო პერფორმანსის“ გამო:

„ის ამ პერფორმანსიდან რამდენიმე დღეში, სპეცოპერაციის შედეგად, პროვოკატორის მეშვეობით იქნა დაპატიმრებული. ის სრულად შეესაბამება პოლიტიკური პატიმრის სტანდარტებს, როგორც პოლიტიკური მოტივაციის, ისე წინასწარი პატიმრობის შერჩევითად გამოყენების კუთხით. აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას. გოგი წულაიას დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პოლიტიკური მოტივების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ივანიშვილების ოჯახი შურს იძიებს გოგი წულაიაზე და ჩვენ არ ვაპირებთ მის მიტოვებას“.

გოგი წულაიამ, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო. მან ამ გზით გააპროტესტა „ტვ პირველის“ მიერ მოპოვებული ფარული სატელეფონო ჩანაწერი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით. ისინი განიხილავენ 15 წლის არასრულწლოვნის შეშინებას, ბერასთვის არასასიამოვნო კომენტარების გამო.

პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება ითვალისწინებს ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გოგი წულაია მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. მან დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გოგი წულაიას 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG