Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. მისი თქმით, შესაძლოა, COVID-19-ის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს, თუმცა, ჯერჯერობით, სახეზეა ე.წ. კლასტერული გავრცელება.

მისივე თქმით, თუკი მოსახლეობა კოვიდრეგულაციებს დაიცავს, მკაცრი შეზღუდვების ალბათობა დაბალი იქნება:

“ეპიდვითარება ქვეყანაში დაახლოებით ბოლო 20 დღეა თანდათან უარესდება. იმატებს ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი, იმატებს თანდათან დადებითობის მაჩვენებელი. ე.წ. რეპროდუქციის მაჩვენებელი უკვე 1-ს ზემოთ არის, რაც ძალიან საყურადღებოა. ასევე იმატებს აქტიური შემთხვევების რიცხვი, ანუ ადამიანების, რომლებიც არიან საავადმყოფოებში ან ბინაზე, ან სასტუმროებში მკურნალობაზე - ყველა ეს ინდიკატორი, სამწუხაროდ, უარესდება. ის, რომ კლასტერებია ჩამოყალიბებული სამეგრელოში, შიდა ქართლსა და გურიაში, ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა დაიწყოს საყოველთაო გავრცელება. პირველ რიგში, დღეს რაც გვაქვს, იმ შეზღუდვების აღსრულება უნდა გამკაცრდეს და მეორე, რაც მთავარია, მოსახლეობას კიდევ მეტად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. თუ რეკომენდაციებს შევასრულებთ პატიოსნად, მაშინ დიდი შეზღუდვების ალბათობა დაბალი იქნება”.

4 აპრილს, საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 2,97%-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG