Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის ტახტის ყოფილმა მემკვიდრემ განაცხადა, რომ შინაპატიმრობაში მოათავსეს


იორდანიის ტახტის ყოფილი მემკვიდრე ჰამზა ბენ ჰუსეინი
იორდანიის ტახტის ყოფილი მემკვიდრე ჰამზა ბენ ჰუსეინი

იორდანიის მეფის, აბდულას ნახევარძმას და ტახტის ყოფილ მემკვიდრეს უთხრეს, რომ შეწყვიტოს ქმედება, რომლებიც ხელყოფს იორდანიის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გამოაცხადა ქვეყნის არმიამ.

ტახტის ყოფილმა მემკვიდრემ ჰამზა ბენ ჰუსეინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ იგი შინაპატიმრობაში მოათავსეს.

ვიდეოჩანაწერზე, რომელიც "ბი-ბი-სის" ბენ ჰუსეინის ადვოკატმა გადასცა, ყოფილი მემკვიდრე ქვეყნის ხელმძღვანელობას კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა და შევიწროებაში ადანაშაულებს.

ადრე, გაჩნდა ინფორმაცია სამეფოს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, შეთქმულებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით.

ქვეყნის ხელმძღვანელთა შტაბის გაერთიანებული კომიტეტის უფროსმა, იუსეფ აჰმად ალ-ჰუნეიტიმ ჰამზას შინაპატიმრობაში მოთავსების ფაქტი არ დაადასტურა. ამასთანავე, გენერალმა აღნიშნა, რომ მეფის ნახევარძმისგან მოითხოვეს შეწყვიტოს მოქმედებები, რომლებიც ხელყოფს იორდანიის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს "პეტრას" თანახმად, რამდენიმე ეჭვმიტანილი, მათ შორის ორი მაღალჩინოსანი, რომლებიც ადრე სამეფო სასახლეში მუშაობასთან იყვნენ დაკავშირებული, "უსაფრთხოების მოსაზრებით" დააკავეს.

მეფის ნახევარძმა თავად უარყოფს, რომ მზადდებოდა შეთქმულება და რომ იგი რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მონაწილე იყო. სამეფო ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ იგი გააფრთხილეს იმ შედეგების შესახებ, რაც მოჰყვებოდა დისკუსიაში - რომელშიც მეფეს აკრიტიკებდნენ - მონაწილეობის მიღებას. ამჟამად, ჰამზას თქმით, მას ჯერ კიდევ ეკრძალება სადმე გასვლა და ვინმესთან შეხვედრა.

იორდანია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მშვიდ ქვეყნად ითვლება. რეგიონის სახელმწიფოებმა, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ჩათვლით, ამჟამინდელ ვითარებაში, მხარდაჭერა გამოუცხადეს მეფე აბდალას. სრული მხარდაჭერა გამოაცხადა ასევე შეერთებულმა შტატებმაც. ვაშინგტონი და ამანი აერთიანებენ ძალისხმევას, რომელიც ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელწიფოს" წინააღმდეგაა მიმართული. ამერიკის შეერთებული შტატები იორდანიას საკვანძო პარტნიორად ასახელებს.

ჰამზა ბენ ჰუსეინი 41 წლისაა. იგი მემკვიდრე უფლისწულად ითვლებოდა 2004 წლამდე, როცა მეფე აბდალამ ტიტული თავის უფროს ვაჟს გადასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG