Accessibility links

site logo site logo

რომის პაპმა მრევლს აღდგომა მიულოცა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა, უზრუნველყონ ვაქცინის მიწოდება


ქრისტიანული ეკლესიების უმრავლესობა 2021 წელს აღდგომას 4 აპრილს ზეიმობს.

რომში, კათოლიკური ეკლესიის მამამთავარმა, პაპმა ფრანცისკემ მრევლს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ ორასამდე პირს, თავის სააღდგომო მიმართვაში მოუწოდა, იმედს ნუ დაკარგავენ. ასევე, მიმართა მსოფლიო ლიდერებს, ხელი შეუწყონ კოვიდ-19-ის საწინაამდეგო ვაქცინის გავრცელებას მსოფლიოში, განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყნებში.

პაპმა ფრანცისკემ აღმაშფოთებელი და დაუშვებელი უწოდა სახელმწიფო სახსრების სამხედრო საჭიროებებისა და კონფლიქტებისთვის ხარჯვას.

პაპის ტრადიციული მიმართვა „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა ხოლმე, უკვე მეორე წელია, კორონავირუსის პანდემიის გამო იმართება არა წმინდა პეტრეს მოედანზე ვატიკანში, არამედ ბაზილიკაში. თავის მიმართვაში კათოლიკური ეკლესიის მამამთავარმა განაცხადა, რომ „პანდემია არ დასრულებულა, ამ დროს ეკონომიკური და სოციალური კრიზისი უკიდურებად სერიოზული რჩება, განსაკუთრებთი ღარიბებისთვის“.

მან ილოცა ავადმყოფთა გამოჯანმრთელებისთვის, ნუგეშის სიტყვებით მიმართა მათ, ვინც ახლობლები დაკარგეს, დარჩნენ უმუშევარი და მოუწოდა ხელისუფლებს, დაეხმარონ გაჭირვებულ ოჯახებს.

ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა ექიმებს და სამედიცინო პერსონალს პანდემიის პირობებში მუშაობისთვის და თავისი სიმპათია გამოხატა მოსწავლეებისა და სტუდენტების მიმართ, რომლებიც დროებით მოკლებული არიან სასწავლო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობას.

მოედანზე, ისევე როგორც შარშან, ცერემონიაზე დასწრების უფლება ადამიანების მცირე რიცხვმა მოიპოვა.

აღდგომას 2021 წელს მსოფლიოს ქრისტიანები შეზღუდულ პირობებში აღნიშნავენ.

იტალიაში 3 აპრილს მკაცრი სამდღიანი „ლოკდაუნი“ გამოცხადდა.
ასევეა საფრანგეთში, სადაც ბოლო დღეებში კვლავ სწრაფად იზრდება შემთხვევათა რიცხვი, 3 და 4 აპრილს შეზღუდვის მკაცრი ახალი ზომები მოქმედებს.

ბრაზილიაში ძალიან სწრაფად ვრცელდება ამ ქვეყანაში აღმოჩენილი, მუტირებული კორონავირუსი და შეშფოთებას იწვევს სხვა ქვეყნებში. ბრაზილიასთან საზღვრები დაკეტა ბოლივიამ. ჩილიმ, ეკვადორმა და პერუმ მთლიანად ჩაკეტეს საზღვრები.
აშშ-ში 2 აპრილს აცრილთა რაოდენობამ მიაღწია 100 მილიონს. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ის 130 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული. ინფექციამ 2 მილიონ 800 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

წელს, 4 აპრილს, აღდგომა კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად აღნიშნეს პროტესტანტულმა ეკლესიამ, სხვა არაერთმა ქრისტიანულმა თემმა და, მათ შორის, სომხურმა ეკლესიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG