Accessibility links

site logo site logo

კოსოვოს პარლამენტმა რეფორმისტი იურისტი, ოსმანი, პრეზიდენტად აირჩია


კოსოვოს ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი.

კოსოვოს პარლამენტმა 4 აპრილს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად მმართველი მოძრაობა "თვითგამორკვევის“ კანდიდატი, ვიოსა ოსმანი, აირჩია.

ოსმანი კენჭისყრის მესამე ტურში აირჩიეს 71 ხმით. კენჭისყრაში ოთხმოცდაორმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 11 ბიულეტენი გაუქმდა.

ოსმანის მეტოქემ, ნასუფ ბეიტამ, ვერც ერთი ხმა ვერ აიღო. არჩევნები ერთი დღის შემდეგ ჩატარდა მას მერე, რაც პარლამენტმა ვერ მოახერხა პრეზიდენტის არჩევა, რადგან ვერ შეძლო 80 დეპუტატის შეგროვება, რაც აუცილებელი იყო ქვორუმისთვის.

3 აპრილს კენჭისყრის ორ ტურში 78 და 79 დეპუტატი იღებდა მონაწილეობას. თუ პარლამენტი ვერ მოახერხებდა პრეზიდენტის არჩევას 5 აპრილამდე, ავტომატურად დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც პოტენციურად გზას გაუხსნიდა პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის, გაეძლიერებინა თავისი გავლენა მთავრობაზე.

თებერვლის არჩევნებში, "თვითგამორკვევამ“ 58 ადგილი მოიპოვა 120-დან და ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია ცხრა პარლამენტარით, რომლებიც არა-სერბულ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. 3 აპრილს, გვიან საღამოს, პარლამენტის მუშაობისას შესვენებამდე კურტიმ და ოსმანიმ, შეძლეს საჭირო უმრავლესობის შეგროვება მაშინ , როცა ოპოზიციამ და სერბმა წევრებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG