Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ასაცრელთა კატეგორია გაფართოვდა


დღეიდან, 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რეგისტრაცია გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ 31 მარტს მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებითვე, ვაქცინის დოზების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად იქმნება პოლიციელების და სამხედრო მოსამსახურეების სათადარიგო სიები და თუ ასაცრელად დარეგისტრირებული პირი ვაქცინაციას გადაიფიქრებს, ან ასაცრელად სხვა მიზეზით ვერ გამოცხადდება, მათ ნაცვლად სათადარიგო სიებში მყოფები აიცრებიან.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შემდეგ კი, 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები. 3 აპრილის ჩათვლით, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით აიცრა 10 845 ადამიანი.

3 აპრილს საქართველომ მიიღო ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა. ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მისი გამოყენება დაიწყება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მიღების შემდეგ.

საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG