Accessibility links

site logo site logo

დავით ზურაბიშვილი: ოპოზიციის ერთიანობა არის პრობლემა, ეს არის ერთიანობა რადიკალიზმში


დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ბოიკოტის კამპანია 2020 წლის არჩევნების შედეგების მიმართ ოპოზიციის ფატალური შეცდომა იყო. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ბოიკოტის კამპანია ნიშნავს ხელისუფლებასთან მწვავე კონფრონტაციას, რადიკალიზმს, რასაც კოალიციურობის და კომპრომისების შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს:

„ძალიან რადიკალურია მათი მოთხოვნები და არ წამოვა ხელისუფლება ამაზე. ხელისუფლების იმედი, რომ ისინი გონს მოეგებიან, ასევე არ არის. ამიტომ ამ სიტუაციაში პრინციპში ჩვენ ვართ ჩიხში. ამ ჩიხიდან გამოსავალი შეიძლება იყოს მაგალითად ახალი მოთამაშის შემოსვლა. ვთქვათ იგივე გახარია თუ შემოვა პოლიტიკაში. არა აქვს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა იმას, ის იქნება ბიძინა ივანიშვილის შემოშვებული, თუ იქნება ბიძინა ივანიშვილის ოპოზიცია. უბრალოდ ის აჭრის სიტუაციას. სიტუაციის აჭრამ შეიძლება რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს ოპოზიციურ სპექტრში და გადააწყონ პრიორიტეტები“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობა ამ ეტაპზე არის ყველაზე დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ეს არის ერთიანობა რადიკალიზმსა და კომპრომისების უნარის არქონაში. მისი ინფორმაციით, ოპოზიციაში არიან სხვა მიდგომების მომხრე პოლიტიკოსებიც, თუმცა ვერ არღვევენ „მითიურ ერთობას“:

„ვერ არღვევენ იმიტომ, რომ არიან მძევლები საკუთარი გადაწყვეტილების. იჩქარეს ეს გადაწყვეტილება ბოიკოტის. თან ამ ბოიკოტს როგორც მექანიზმს ისე კი არ შეხედეს, ბოიკოტი წარმოაჩინეს როგორც რაღაც ზნეობრივ-მორალური არჩევანი. ანუ ვინც ბოიკოტს არ ემხრობა, ის არის უზნეო და ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა, ის არის მოღალატე ერის. დაახლოებით ასე დასვეს საკითხი. ამას რომ იძახი დიდი ხანი, უკან დახევა მერე ძალიან რთულია. ამიტომ ვერ იხევენ უკან", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. მისი შეფასებით ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან დასავლეთს ნათქვამი აქვს, რომ "ეს იყო ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი, ასე თუ ისე ლეგიტიმური არჩევნები":

"და თუ ოპოზიცია ვერ ცვლის ვერაფერს, არ აქვს დასავლეთის მხარდაჭერა, ეს ხელისუფლება რომელიც ვიცით რანაირიც არის, რა თქმა უნდა, ასევე არ გააკეთებს არაფერს. ეს მიიყვანს ქვეყანას კიდევ უფრო უარეს კრიზისამდე. ამიტომ მაქვს იმედი, რომ იქნება სიტუაციის აჭრა, რომ გადაალაგოს პრიორიტეტები... ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ პოლიტიკური ორიენტირის გარეშეა დარჩენილი. მთლიანად ნაციონალური მოძრაობის და პირადად მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგზეა პრაქტიკულად ოპოზიციური დღის წესრიგი აწყობილი. ანუ ხელისუფლებას ისინი სთხოვენ არა იმდენად კომპრომისს, არამედ დანებებას პირდაპირ", - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა "დილის საუბრებში".

2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიანი პარლამენტის მანდატები მოიპოვა 9 საარჩევნო სუბიექტმა. მათგან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობენ "ქართული ოცნების" 90 დეპუტატი, "მოქალაქეების" 2 და "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული 4 წევრი, რომლებმაც "ევროპელი სოციალისტები" დაირქვეს.

მანდატებს ოფიციალურად ინარჩუნებენ, თუმცა, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევიან: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია".

მათ ბოლო საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

31 მარტს თბილისში ისევ უშედეგოდ დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG