Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეშენალი პუტინს მოუწოდებს, შეუშვან ალექსეი ნავალნისთან ციხეში მისი ექიმი


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალის" გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, რათა შეუშვან ნავალნისთან ციხეში მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი და ასევე დაუყოვნებლივ გაათვისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

ამის შესახებ ანიეს კალამარმა საკუთარ ტვიტერში გამოაქვეყნა განცხადება.

კალამარი პოლიტიკოსის დაპატიმრებას უწოდებს დაუსაბუთებელს და ყურადღებას ამახვილებს ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე. არის საშიშროება, რომ რუსეთის სახელმწიფო ნელ სიკვდილს უმზადებდეს ალექსეი ნავალნის, - წერს ანიეს კალამარი.

პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ის ციხეში მოხვდა, მისი განყოფილებიდან მესამე პატიმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ტუბერკულოზზე ეჭვით.

როგორც ნავალნი 5 აპრილს ინსტაგრამზე წერდა, საპატიმროს ექიმები მისი გასინჯვის შემდეგ ამბობენ, რომ მას აქვს "ძლიერი ხველა" და 38,1 გრადუსი ტემპერატურა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, 44 წლის ნავალნი ამჟამად სასჯელს იხდის შრომა-გასწორების ნომერ მეორე კოლონიაში, რომელიც დაახლოებით 100 კილომეტრითაა დაშორებული მოსკოვს და რომელსაც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სატუსაღოდ იცნობენ.

ნავალნი ასევე წერს, რომ პატიმრებს არ აქვთ სათანადო კვება და მათ თიხის მსგავს ბურღულეულს და გაყინულ კარტოფილს აჭმევენ.

ნავალნი ამჟამად პროტესტის ნიშნად შიმშილობს და პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. არასათანადო კვება და წონაში კლება ძირს უთხრის იმუნიტეტის შესაძლებლობას, ებრძოლოს ტუბერკულოზს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG