Accessibility links

site logo site logo

შვებულების დროს საქართველოდან აშშ-ში წასული მოქმედი "უვადო მოსამართლე" იქ დარჩა - მისი პასუხი


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, მაია სვიანაძე ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა. ინფორმაცია თავდაპირველად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გაავრცელა.

"იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში", - წერდა ჯანეზაშვილი "ფეისბუკზე".

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადასტურებს, რომ მოსამართლე მაია სვიანაძე გუშინ, 5 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სვიანაძესთან დაკავშირება სურდა რადიო თავისუფლებას, თუმცა მან ამ ეტაპზე მხოლოდ "პალიტრანიუსს" უპასუხა. ყოფილი უვადო მოსამართლე ამბობს, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, შვებულების შემდეგ უფლებამოსილება შეეწყვიტა. სვიანაძის თქმით, "დაუკითხავად" არ წასულა და მიმდინარე საქმეები სხვებს გადააბარა.

"ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ, რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ ცხოვრობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. „ოჯახის გაერთიანება“ მაქვს გაკეთებული და არალეგალურად არ დავრჩენილვარ. შვილთან წავედი საცხოვრებლად. სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, შვილთან გადავედი საცხოვრებლად, იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი", - აცხადებს ყოფილი მოსამართლე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მან, როგორც საბჭოს წევრმა, არ იცოდა ამ მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შესახებ.

"ის, რომ თითქოს "წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის" - არის ტყუილი! მაშინ დაასახელონ სხდომის თარიღი, როდესაც ეს საკითხი იყო განხილული", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG