Accessibility links

site logo site logo

კოლონიასთან, სადაც ნავალნი იხდის სასჯელს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს


პოლიცია აკავებს პროფკავშირ "ექიმების ალიანსის" ხელმძღვანელს, ანასტასია ვასილიევას.

რუსეთის ქალაქ პოკროვში, კოლონიასთან, სადაც იხდის სასჯელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან პროფკავშირ „ექიმების ალიანსის“ ხელმძღვანელი ანასტასია ვასილიევა, YouTube-ის არხ „ნავალნის შტაბის“ წამყვანი დმიტრი ნიზოვცევი, ექიმის ხალათიანები და რამდენიმე ჟურნალისტი - სულ რვა ადამიანი. ისინი პოკროვში წაიყვანეს.

Telegram-ის არხი Avtozak Live-ი იუწყება, რომ დაკავებულთა შორის არიან CNN-ის კორესპონდენტი მეთიუ ჩენსი და Belsat TV-ის კორესპონდენტი, რომლის სახელსა და გვარს არ იტყობინებიან.

მანამდე იტყობინებოდნენ, რომ პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა პოკროვის No2 გამოსასწორებელ კოლონიასთან, რომელშიც ნავალნი იმყოფება. ნავალნის მომხრეები, მათ შორის მედიკოსები პროფკავშირ „ექიმების ალიანსიდან“, ითხოვენ, პატიმარს კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.

როგორც ტვიტერში იტყობინებოდა საინტერნეტო გამოცემა Sota Vision-ი, სამართალდამცავებმა გადაკეტეს კოლონიასთან მისასვლელი გზები.

ინციდენტამდე „ექიმების ალიანსის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოკროვში მიემგზავრებიან „არა პროტესტისთვის“, არამედ ნავალნის „გადასარჩენად“.

გუშინ ალექსეი ნავალნიმ თავისი ადვოკატების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი თხუთმეტკაციანი განყოფილებიდან სამი ტუბერკულოზით არის ჰოსპიტალიზებული. თავად ნავალნის ექიმებმა მაღალი სიცხე და ძლიერი ხველა დაუდგინეს.

პოლიტიკოსი განაგრძობს შიმშილობას, რომელიც 31 მარტს დაიწყო. მისი ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას სიტყვებით, კოლონიაში ყოფნის განმავლობაში მან 13 კილო დაიკლო.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის გენერალური მდივანი ანიეს კალამარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდებს, შეუშვან ნავალნისთან ციხეში მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი და ასევე დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG