Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ნავალნის COVID-19-ის ტესტი ნეგატიურია, მაგრამ მას მეორეჯერ აუღეს სინჯი


პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის კორონავირუსის ტესტი ნეგატიური იყო. ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს მას შემდეგ, რაც ის კოლონიის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანეს მწვავე ხველებით და სიცხით.

„პირველმა ტესტმა ნეგატიური შედეგი აჩვენა. მაგრამ რატომღაც მას მეორედ აუღეს სინჯი და შედეგი ჯერ არ ვიცით,“ განაცხადა 7 აპრილს ნავალნის ადვოკატმა ოლგა მიხაილოვამ.

ნავალნიმ რამდენიმე თვის წინ გადაიტანა მძიმე მოწამვლა, რის შემდეგაც ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა რამდენიმე კვირა. მისმა თანამებრძოლებმა, მათ შორის მისმა პირადმა ექიმმა ანასტასია ვასილიევამ, რომელიც პროფკავშირ „ექიმების ალიანსის“ ხელმძღვანელია, 6 აპრილს სცადეს კრემლის კრიტიკოსის მონახულება, მაგრამ კოლონიის ხელმძღვანელობამ ისინი ნავალნისთან არ მიუშვა. მოგვიანებით პოლიციამ დააკავა ვასილიევა და კოლონიის წინ შეკრებილი მინიმუმ ცხრა სხვა მხარდამჭერი.

მანამდე ალექსეი ნავალნიმ თავისი ადვოკატების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი თხუთმეტკაციანი განყოფილებიდან სამი ტუბერკულოზით არის ჰოსპიტალიზებული. თავად ნავალნის ექიმებმა მაღალი სიცხე და ძლიერი ხველა დაუდგინეს.

პოლიტიკოსი განაგრძობს შიმშილობას, რომელიც 31 მარტს დაიწყო. მისი ადვოკატის, ოლგა მიხაილოვას სიტყვებით, კოლონიაში ყოფნის განმავლობაში მან 13 კილო დაიკლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG