Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძეს და კიდევ 2 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდათ


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატმა თავად გაავრცელა „ფეისბუკის“ საშუალებით.

„ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია

მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.

ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.

ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულები არიან ასევე დეპუტატები ბექა დავითულიანი და მაია მენაღარიშვილი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესსამსახურმა დაუდასტურა. კორონავირუსით დაავადებულ თანამდებობის პირთა შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისმა ტესტმა დადებითი შედეგი 6 აპრილს აჩვენა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 687 შემთხვევა. ნახევარზე მეტი - 351 თბილისში. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 285 645 შემთხვევა. მათგან 275 547 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3840 ადამიანი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG