Accessibility links

site logo site logo

თეთრმა სახლმა უარყო, რომ აშშ პეკინის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტს განიხილავს


ჯენ საკი

აშშ არ განიხილავს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის საკითხს. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ. როგორც Reuters-ი იტყობინება, საკით თქმით, ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიცია არ შეცვლილა.

ეს კომენტარი ეწინააღმდეგება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას. სამშაბათს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს, ბოიკოტი გამოუცხადოს თუ არა ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში. მისი სიტყვებით, აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად გეგმავს გადაწყვეტილების მიღებას.

ასეთი ნაბიჯისკენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს რიგმა რესპუბლიკელებმა მოუწოდეს ჩინეთის ხელისუფლების მიერ მუსლიმი უიღურების მიმართ დამოკიდებულებისა და ჰონგ-კონგელი აქტივისტების მიმართ რეპრესიების საპასუხოდ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩაო ლიძიანმა აშშ გააფრთხილა, თავი შეიკავოს სპორტისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების პოლიტიზაციისგან. მანამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა არ დაუჭირა მხარი ოლიმპიური თამაშების შესაძლო ბოიკოტს.

ევროკავშირმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველად დაუწესა ჩინეთს სანქციები მუსლიმი უიღურების უფლებების დარღვევებისთვის. სანქციებს მიუერთდნენ აშშ და კანადა.

უკანასკნელ ხანებში უფლებადამცველები და საზოგადო მოღვაწეები ევროპაში სულ უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას მრავალი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დარღვევას უიღურებით დასახლებულ სინძიანის ავტონომიურ რაიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG