Accessibility links

site logo site logo

ნანუაშვილი: ხელისუფლებამ უნდა დასვას კითხვა, რა აიძულებს ათასობით გალელს რისკის ფასად გადმოვიდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე


უჩა ნანუაშვილი

რა თქმა უნდა, რუსეთი და ოკუპაცია არის მთავარი სათავე იმ პრობლემებისა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, მაგრამ არის საკითხები, სადაც ჩანს, რომ პრობლემა არის უკვე ჩვენში, ჩვენს ხელისუფლებაში, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა. საქართველოს ხელისუფლებას იგი მეტი პროქტიულობისკენ მოუწოდებს და ამბობს,რომ პრობლემები იყო პანდემიამდეც, თუმცა პანდემიამ რეალურად კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ისინი:

„აუცილებელია ხელისუფლება იყოს უფრო მეტად პროაქტიული, მისი პოლიტიკა მიმართული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და გამოვიდეს იმ რიტორიკიდან, რომ მხოლოდ რუსეთია ყველაფერში დამნაშავე და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. გვესმის, რომ ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ამ პირობებში იქ მაცხოვრებელი ადამიანების დახმარება, მათი გაძლიერება, აუცილებელია პოლიტიკა იყოს მიმართული და მორგებული სწორედ იმ საჭიროებებზე, რაც იქ არსებობს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მან ისაუბრა სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის პრობლემაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გალელებს უცხოელებივით არ უნდა ეპყრობოდეს:

„ფაქტიურად ისინი გადიან იგივე პროცედურებს, რასაც უცხოელი ტურისტი, რომელიც ჩამოდის საქართველოში. აფხაზეთი იწყება გალიდან და თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ აფხაზეთზე და მის დაბრუნებაზე, პირველ რიგში გალზე უნდა გვქონდეს მეტი კონცენტრაცია. ისევე როგორც ახალგორზე...კარანტინი არის სერიოზული პრობლემა მათთვის იმიტომ, რომ ხუთდღიანი კარანტინის პერსპექტივა მოქალაქეებს რეალურად უსპობს იმის სურვილს, რომ ოფიციალური გადმოსასვლელით გადმოვიდნენ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 3000-ზე მეტი გალელი დააკავეს, რაც წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. უჩა ნანუშავილი აღნიშნავს, რომ ასეთ პირობებში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დასვას კითხვა, რა არის მიზეზი იმისა, რაც ათასობით გალელს აიძულებს რისკის ფასად გადმოვიდეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

გუშინ, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შამგონასა და ორსანტიაში, მდინარე ენგურის სანაპიროზე იპოვეს ოთხი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG