Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე ენგურის გადალახვის დროს ოთხი ადამიანის დაღუპვას ეხმაურება აშშ-ის საელჩო


აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება ოკუპირებული გალის რაიონიდან დანარჩენ საქართველოში გადასვლის დროს მდინარე ენგურის გადალახვისას ოთხი ადამიანის დაღუპვას.

„გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს; აგრეთვე ყველას ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად", - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

დიპლომატიური წარმომადგენლობა აფასებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას.

„ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო აღნიშნავს, რომ „აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ".

მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან იპოვეს. ოკუპირებული გალის რაიონის 4 მცხოვრები მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG