Accessibility links

site logo site logo

რუსეთი სლოვაკეთისგან მოითხოვს Sputnik V-ის პარტიის უკან დაბრუნებას


რუსეთი სლოვაკეთისგან მოითხოვს ადრე შეძენილი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის პარტიის, დაახლოებით 200 000 Sputnik V-ის დოზის უკან დაბრუნებას მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ შემოტანილი ვაქცინა შემოწმების შედეგად არ აღმოჩნდა იმ Sputnik V-ის იდენტური, რომელსაც დადებითი შეფასება მისცა ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet-მა.


რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა, რომელიც მონაწილეობდა რუსული ვაქცინის წარმოების დაფინასებაში და ახლა მისი დისტრიბუციითა დაკავებული, სლოვაკეთის სახელმწიფო დაწესებულება დაადანაშაულა Sputnik V-ის წინააღმდეგ დაწყებული „დეზინფორმაციის კამპანიისა“ და სამომავლოდ დაგეგმილი "პროვოკაციების" გამო.

„სამწუხაროდ, სლოვაკეთის წამლების კონტროლზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტმა, არსებული კონტრაქტის დაღვევით მოახდინა Sputnik V-ის ტესტირება ისეთ ლაბორატორიაში, რომელიც არ შედის წამლების კონტროლის ევროკავშირის ოფიციალური ლაბორატორიების ქსელში, რაც ხელმისაწვდომია“, - ნათქვამია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის განცხადებაში, რომელშიც ამტკიცებენ, რომ სლოვაკეთისათვის გაგზავნილ პარტიაში Sputnik V-ის ყველა დოზა ერთნაირი ხარისხისაა და მკაცრი კონტროლი აქვს გავლილი გამალეის ინსტიტუტში.

სლოვაკეთი მეორე ქვეყანაა უნგრეთის შემდეგ, რომელმაც გადაწყვიტა რუსული ვაქცინის შეძენა მანამდე, ვიდრე მისი გამოყენების ნებართვას გასცემდა ევროპის წამლების სააგენტო (EMA).

ერთი თვის წინ სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისის მიზეზი გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იგორ მატოვიჩის და ჯანდაცვის მინისტრ, მარეკ კრაიჩის მიერ კორონავირუსი საწინააღმდეგო რუსული Sputnik V-ის ვაქცინის შეძენა.

ეს გარიგება მოხდა მთავრობის მიერ ვეტოს გვერდის ავლით, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებას მატოვიჩი პირადად აწარმოებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა დაუსწრებლად. სკანდალის შედეგად თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი და ხუთი მინისტრი. ქვეყნის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა ფინანსთა მინისტრი ედუარდ ჰეგერი.
8 აპრილს გერმანიის რეგიონმა, ბავარიამ, ხელი მოაწერა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის 2,5 მილიონი დოზის შესყიდვის დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც პრეპარატს ევროპის მარეგულირებელი უწყებები (EMA) დაამტკიცებენ.

EMA ამ პერიოდში Sputnik V-ის შესწავლის პროცესშია და, გავრცელებული მოლოდინით, ის მიმდინარე თვეში რუსეთში ექსპერტებს გაგზავნის. რუსეთმა ეს პრეპარატი გამოსაყენებლად აგვისტოში დაამტკიცა, რითიც Sputnik V გახდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პირველი დამტკიცებული ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ცდები იმ დროს ჯერ დასრულებული არ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG