Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის წევრი მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის 4 მცხოვრების დაღუპვის გამო


ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა მწუხარება გამოთქვა მდინარე ენგურის გადალახვისას გალის რაიონის 4 მცხოვრების დაღუპვის გამო

ევროპარლამენტის ესტონელი დეპუტატის განცხადებით, ტრაგედია, რომელიც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ გამოიწვია, აჩვენებს თუ როგორ იტანჯება ადგილობრივი მოსახლეობა. კალიურანდი აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაუარესებულია ადამიანის უფლებათა მდგომარეობა.

ესტონელი დეპუტატის განცხადებით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელმა ოკუპირებულ რეგიონებში უპირობოდ უნდა დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან იპოვეს ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რეგიონის მცხოვრებთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სპეციალური „საშვით“ აძლევს მხოლოდ ენგურის ხიდთან მდებარე ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ე.წ. საზღვრის სხვა მონაკვეთები დაკეტილია. აფხაზეთიდან სამეგრელოს რეგიონში ენგურის ხიდის გავლით ჩასული მოქალაქეები 5 დღით კარანტინში გადაჰყავთ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც უკვე წლებია, პერიოდულად, მალულად ცდილობენ მდინარე ენგურის გავლით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

ოკუპირებული აფხაზეთის 4 მცხოვრების ტრაგიკულად დაღუპვის გამო, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG