Accessibility links

site logo site logo

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, ემზადონ "მძიმე“კრიზისისთვის


ჩრდილოეთ კორეის პარტიულ კონფერენციაზე გამოსვლის დროს, კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, ემზადონ „მძიმე“კრიზისისთვის, ხოლო ქვეყანაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა ტრაგიკულ 1990-იან წლებს შეადარა.

ავტოკრატი ლიდერის ამ აღიარების ფონია საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველების გაფრთხილება, რომლის თანახმად, ჩრდილოეთი კორეა აწყდება სურსათის მწვავე უკმარისობას და ეკონომიკურ არასტაბილურობას.

დღეისთვის ჩრდილოეთ კორეაში მთავარი კვების პროდუქტის, 1 კილოგრამი სიმინდის ფასი, სოფლად მცხოვრები ადამიანების ერთი თვის ხელფასს აღემატება. „ჰიუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის თანახმად, „სერიოზული სასურსათო კრიზისი“ ჩრდილოეთ კორეაში გამოწვეულია იმით, რომ ორი თვეა ქვეყანაში გარედან არ შემოდის საკვები პროდუქტები. კორონავირუსის პანდემიის გამო ფხენიანმა ჩაკეტა მის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, ჩინეთთან საზღვარი. კრიზისის კიდევ ერთი ფაქტორია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციები.


გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მიერ გახმოვანებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ადგილი ჰქონდა შიმშილით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევებს.

„ბიბისის“ თანახმად, პარტიულ კონფერენციაზე გამოსულმა კიმ ჩენ ინმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა, რომ მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამართონ „რთული მარში“. ეს ტერმინი ფხენიანის ოფიციალური პირების მიერ გამოიყენება 30 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებთან მიმართებით, როდესაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო დახმარების გარეშე დარჩა. მაშინ სურსათის უკმარისობის შედეგად დაახლოებით 3 მილიონი ჩრდილოეთკორეელი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG