Accessibility links

site logo site logo

"ფორმულას" დირექტორი ამბობს, რომ პოლიციას ძალადობის ფაქტზე მიმართვის გარეშეც შეეძლო რეაგირება


ზუკა გუმბარიძე, "ფორმულას" გენერალური დირექტორი

ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ პოლიცია უახლოეს მომავალში მიიღებს ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომელზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. მისი თქმით, სათანადო დოკუმენტაცია მზადდება და წარადგენენ, თუმცა შეიძლებოდა, პოლიციას რეაქცია ფაქტზე ამის გარეშე, ტელეკომპანიის საჯარო განცხადებაზე დაყრდნობითაც ჰქონოდა.

„გამოეთხოვათ ჩვენგან, თუმცა ჩვენ თვითონ მივაწვდით ამ ადამიანის შესახებ ინფორმაციას. უბრალოდ მისი თხოვნა იყო, რომ მისი სახელი და გვარი პირდაპირ ეთერში არ დაგვესახელებინა და ეგ გავითვალისწინეთ. თუმცა, როგორც მედია, რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ, ფაქტის შესახებ როდესაც ვიცით, რომ ნამდვილად მის მიმართ ძალადობა განხორციელდა და ნაცემი არის ადამიანი, ბუნებრივია, პოლიციას მივაწვდით ინფორმაციას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზუკა გუმბარიძემ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, 9 აპრილს მის ორ თანამშრომელს დაესხნენ თავს. არხი იუწყება, რომ ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. "ფორმულა" მიიჩნევს, რომ თავდასხმა სწორედ ტელეკომპანიის საქმიანობას უკავშირდება. ამ საკითხზე "ფორმულაში" საგანგებო ბრიფინგიც გაიმართა.

ბრიფინგის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გამოძიება ამ ეტაპზე მხოლოდ ავტომანქანის დაზიანების ფაქტზეა დაწყებული:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიყოს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.(ნივთის დაზიანება ან განადგურება).

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია "ფორმულა" საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ფორმულას" თანამშრომელს თავს დაესხნენ. მიმდინარე წლის თებერვალში თავს დაესხნენ არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ვახო სანაიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG