Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო: პოლიციამ აქტივისტი უკანონოდ დააკავა რიონის ხეობაში გადაადგილების დროს


პოლიციას ბლოკირებული აქვს გზა რიონის ხეობაში. (ფოტო არქივიდან)
პოლიციას ბლოკირებული აქვს გზა რიონის ხეობაში. (ფოტო არქივიდან)

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო რიონის ხეობის „მცველი“ ლაშა ქუთათელაძე, რომელიც ხეობაში გადაადგილების დროს დააკავეს.

„მოსამართლემ არ ცნო პირი სამართალდამრღვევად და შეწყვიტა სამართალწარმოება, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევას, რის საფუძველზეც იყო ოქმი შედგენილი, ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, რასაც ადგილი არ ჰქონია“, - ამბობს ლაშა ქუთათელაძის უფლებადამცველი, საია-ს იურისტი სალომე სალდაძე. აქტივისტი პოლიციის განყოფილებას სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს.

ლაშა ქუთათელაძე 9 აპრილს გვიან ღამით დააკავეს, როდესაც ის სოფელ ნამოხვანში ბრუნდებოდა ქუთაისი-ალპანის გზით. პოლიციამ - რომელიც აქტივისტებს რიონის ხეობაში გადაადგილებას უზღუდავს - ქუთათელაძე, ორ თანმხლებ პირთან ერთად, გააჩერა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილიდან. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველები არ ატარებენ იმ პირებს, რომლებიც, მათი მოსაზრებით, შესაძლოა სოფელ ნამოხვანში კარვებში მყოფ აქტივისტებს შეუერთდნენ.

„კიდევ ერთხელ დასაბუთდა პოლიციის აშკარა უკანონობა, რასაც რიონის ხეობაში ადგილობრივების მიმართ ახორციელებს“, - აცხადებს საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

4 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციელებმა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს ზარათში მცხოვრები მირიან მაღლაფერიძე, რომელიც იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. მაღლაფერიძემ პოლიციელებს უთხრა, რომ მეზობელ სოფელში პურის საყიდლად სურდა წასვლა.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 167 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა. კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG