Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდესტაგის დეპუტატებმა ნავალნის წერილი მისწერეს კოლონიაში


გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატთა ჯგუფმა რუსეთის ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის წერილი მისწერა ქალაქ პოკროვის კოლონიაში. ტექსტში გერმანელი კანონმდებლები პოლიტიკოსს მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოუხატავენ. წერილის ნაწყვეტებს ჟურნალი Spiegel-ი აქვეყნებს.

ნავალნისადმი მრავალპარტიულ მიმართვას ხელი მოაწერა 11-მა ადამიანმა, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხების რწმუნებულმა ბერბელ კოფლერმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეას ნიკმა, „მწვანეთა პარტიის“, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წევრებმა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ გერმანიის პარლამენტის წევრები აუტანელად მიიჩნევენ პირობებს, რომლებშიც იმყოფება ნავალნი კოლონიაში. ისინი გამოდიან მოწოდებით, ევროპის საბჭოში ჩატარდეს გამოძიება ნავალნის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ კოლონიაში ვითარება შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ევროპულ კონვენციებს წამების წინააღმდეგ.

ნავალნიმ 31 მარტს გამოაცხადა შიმშილობა. ის ითხოვს მასთან მის მიერ მოწონებული ექიმის დაშვებას. პატიმარი ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის, კერძოდ - ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვას და ზურგის ტკივილებს. ნავალნის დაცვა და მკურნალი ექიმი აცხადებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ.

კოლონიაში, სადაც პოლიტიკოსი მარტის შუა რიცხვებიდან იმყოფება, მან 13 კილო დაიკლო. ციხის საავადმყოფოში გასინჯვისას მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოაჩნდა. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ნავალნი 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს პატიმრობაში. თავად პოლიტიკოსი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეთითხნილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG