Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის თავმჯდომარე რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ემხრობა


მანფრედ ვებერი
მანფრედ ვებერი

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთს სანქციები უნდა გაუმკაცრონ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამწვავების ან კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. ამის შესახებ მედიაჯგუფ Funke-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, მანფრედ ვებერმა.

ევროპარლამენტის წამყვანი ფრაქციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოსკოვი აგრძელებს სახიფათო პროვოკაციებს. უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის ჯარების განლაგება - ესაა დასავლეთის გამოცდა, მიაჩნია ვებერს. პოლიტიკოსმა სავარაუდო ახალი სანქციების ფარგლებში დაუშვა რუსი ოლიგარქებისთვის ანგარიშების გაყინვა და რუსეთის გამოთიშვა საბანკო სისტემა SWIFT-იდან. ვებერის თქმით, ამან შესაძლოა გაართულოს რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შემდგომი მშენებლობა.

მანამდე Bloomberg-ი იტყობინებოდა, რომ ვაშინგტონი განიხილავს სანქციების შემოღებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს წრეში მყოფი პირებისთვის. გარდა ამისა, მედიის თანახმად, ამერიკის ხელისუფლება უშვებს რუსეთის რამდენიმე დიპლომატის დეპორტაციის შესაძლებლობას. საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი პასუხს გასცემს აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ქმედებას.

უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს.

კრემლი წინ აღუდგება დასავლეთის მოწოდებებს ჯარების უკან დაბრუნების თაობაზე და აცხადებს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამასთან, რუსეთი აღნიშნავს, რომ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ჯარების გადაადგილება მისი დამოუკიდებელი საშინაო საქმეა.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბარში ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფ ზომებს მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG