Accessibility links

site logo site logo

გალის დაკარგვა აფხაზეთის დაკარგვაა


ოთხი ქართველი დაიხრჩო 7 აპრილს მდინარე ენგურში. გვალიების ოჯახი სოფელ წარჩედან და მათი გამცილებელი. ისინი ზუგდიდში ჩუმად, ოკუპანტს მოეპარებოდნენ. ენგური ადიდდა და თან წაიღო საქართველოს ოთხი დამცველი.

გალი უკვე დიდი ხანია არის საქართველოს ტრაგედია და საქართველოს იმედი. ტრაგედია იმიტომ, რომ მიახლოებით ოცდაათი ათასი ჩვენი მოქალაქე უფლებაჩამორთმეულია და საკუთარ სახლში დაუპატიჟებელი სტუმრის სტატუსით ცხოვრობს. თან, დაუცველად. იმედი - რადგანაც ისინი ინარჩუნებენ აფხაზეთში თუ დღეს რამე დარჩა ქართული. თავისუფლების და ბევრ შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად.

აფხაზეთი ოკუპირებულია. ეს ფაქტია. უბრალოდ ფრაზის მეორება მოქმედების გარეშე - პრობლემისადმი ზედაპირულობა და თავად პრობლემა. გალის ქართველები მოქმედებენ და თავისუფლებისთვის ყოველდღე იბრძვიან. მათ დაცვასაც, მოქმედება ჭირდება ჩვენგან.

ამ აზრით, მე და ჩემმა მეგობრებმა ბოლო წლებში შევქმენით ინიციატივა „გალი ჯაზი“ - ანუ, გალის და საქართველოს მომავლის იდეა. გალში ჯაზის დაკვრა იქნება მაშინ, როცა საქართველო გაერთიანდება, გალელს ქართულად ჩუმად საუბარი არ მოუწევს და მსოფლიოს უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს.

თუმცა, სანამ მომავალზე ვისაუბრებთ, დავაკვირდეთ, რატომ დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები?

პირველი - ისინი არასასურველი სტუმრები არიან საკუთარ სახლში. ამიტომ, რეგულარულად უწევთ ჩუმად, ე.წ. ფონით სიარული. ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ძალიან ხშირად გადასულან ამ გზით. ის, თუ რას ნიშნავს ენგურიდან აფხაზეთში შეპარვა, შეუდარებლად აქვს აღწერილი ჩემს მეგობარს, ანუნა ბუკიას, თავის ფილმში „მე გადავცურე ენგური.“

მეორე - ჩვენმა სახელმწიფომ კოვიდ რეგულაციები გალზე ისე გაავრცელა, როგორც სხვა სახელმწიფოებზე. გალიდან მომავალ მოქალაქეს უწევს კარანტინი, როცა ის ძირითადად კარტოფილის ან ნოშპას შესაძენად გადმოდის. რადგანაც კარანტინის გავლის ფუფუნება არ გააჩნია ნათელა ბებიას, და არც ამაზონის სერვისი ემსახურება სოფელ ოქუმს, ის იძულებულია ენგურის დაბალი დინების იმედზე იყოს და დილის ხუთ საათს დაელოდოს, როცა მძინარე რუს ჯარისკაცს გამოეპარება ზუგდიდში.

საშუალო გალელისთვის ბრძოლა და ომი ნორმაა. ის ყოველდღე ამას აკეთებს. პირველი, იბრძვის იმედით, შემდეგ ქართულ ენას იცავს, რის გამოც სჯიან. და ბოლოს, ჩამორთმეული აქვს ყველა ძირეული უფლება. სამხრეთ აფრიკული აპარტეიდი პრინციპულად სხვა არაფერი იყო, თუ რასობრივ ელემენტს მოვაშორებთ.

რა უნდა ვქნათ, რომ გალი, როგორც იმედი არ დავკარგოთ?

პირველი და სასწრაფო ნაბიჯი უნდა იყოს გალის ქართველებისთვის კარანტინის მოხსნა და მინიმალური რეგულაციებით გადაადგილება თავიანთ ქვეყანაში. ამასთან, საქართველოს სახელმწიფოში მათი განსაკუთრებული წვლილისთვის, გალელ ქართველებს უნდა მივაწოდოთ კოვიდის ვაქცინა, დაჩქარებული წესით. ეს სამართლიანი, პრაგმატული და პატრიოტული იქნება. ამავდროულად, გალელებს აჩვენებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს ისინი ახსოვს, მათ იცავს.

მეორე - უნდა შეიცვალოს საშუალოვადიანი პოლიტიკა. საქართველოს სახელმწიფომ, მიუხედავად ცვალებადი ადმინისტრაციებისა, უნდა გაიგოს, რომ გალს თუ დაკარგავს, დაკარგავს აფხაზეთს. ამ ფიქრით, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური გზებით, ჩვენმა უსაფრთხოების სტრუქტურებმა ოკუპაციის მხარეს უნდა გაუცხადოს, რომ ნებისმიერი დანაშაული გალის ქართველობის მიმართ დაისჯება მკაცრად, განგრძობითად და პროპორციულად. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, არ უნდა გაიგზავნოს ჰუმანიტარული ტვირთი სოხუმში. ცარიელი თქმა, რომ „აფხაზები ჩვენი ძმები“ არიან, არაფერს ნიშნავს. ამას ვამბობ მე, აფხაზი ქართველი.

მესამე - საქართველოს ჭირდება დეოკუპაციის სტრატეგია. თუმცა, სტრატეგია არა ფორმალური ხასიათით, არამედ მისი შინაარსით. ეს უნდა მოიცავდეს რამდენიმე წელს, ცვალებად რეგიონულ და მსოფლიო წესრიგს, საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს და გასატარებელ პოლიტიკას. ნებისმიერმა მომდევნო მთავრობამ სტრატეგია მხოლოდ უნდა გააუმჯობესოს და გზების ადაპტირებაზე იზრუნოს. მისი მისია, ღირებულებები და მიზნები არ უნდა შეიცვალოს.

მჯერა, რომ გალში ჯაზს აუცილებლად დავუკრავთ. თუმცა, მანამდე, მათ ვაქცინა უნდა გავუგზავნოთ.

ზვიად აძინბაია, აფხაზი ქართველი, დიპლომატი გალის რაიონ სოფელ მუხურიდან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG