Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ხელისუფლებას მიმართავს რიონის ხეობაში განვითარებული მოვლენების თაობაზე


რიონის ხეობაში, სოფელ ნამახვანთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა.

სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან. კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის.

ქუთაისიდან ნამოხვანის მიმართულებით გზა ერთი მხრიდან უკვე რამდენიმე დღეა გადაკეტილი აქვს პოლიციას, ხოლო მეორე მხრიდან, კარვების აღების შემდეგ, პროტესტის მიზნით გადაკეტეს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ითხოვენ ნამოხვანში შეკრების გაგრძელების შესაძლებლობის მიცემას.

კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებიდან გამომდინარე, შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს

საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამოხვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბოლო პერიოდში და დღეს რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენების და შესაძლო უფლებადარღვევების დეტალურ შესწავლას, რომლის შედეგებსაც დამატებით აცნობებს მოსახლეობას, - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს დაიწყო კარვების აღების პროცესი. ამ დროს აქციის მთავარი ორგანიზატორები სოფელ გუმათში იმყოფებოდნენ და მათ სამართალდამცველები ნამოხვანისკენ არ უშვებდნენ.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG