Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ გოლეთიანი: შსს თავადვე აბათილებს რიონის ადიდების გამო კარვების დაშლის ვერსიას


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ რადგან აქციის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანში ალტერნატიულ ადგილზე არ ეძლევათ დაშლილი კარვების გაშლის უფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ უსაფუძვლოა შსს-ს ოფიციალურად დასახელებული ვერსია:

„გუშინ ის ვერსია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომ კარვები დაშალეს რიონის ადიდების გამო, რომელსაც შესაძლოა ჩვენი წალეკვა გამოეწვია იმ ადგილიდან, თვითონვე აბათილებდნენ უკვე ამ მოსაზრებას იმიტომ, რომ როცა ვკითხეთ, რომ ალტერნატიულ ადგილზე შეიძლება თუ არა გადავიტანოთ იქვე სიახლოვეს ჩვენი კარვები, მათ გვითხრეს, რომ არაო. ანუ ნამოხვანში არ გაქვთ უფლებაო და ესე იგი გამოირიცხა ის ვერსია, რასაც თვითონ ასახელებდნენ კარვების დაშლის მოტივად. ანუ რიონის ადიდება“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, შსს-ს მიერ კარვების დარბევის საფუძველი იყო ის, რომ პროტესტი არ მიმდინარეობდეს იქ, სადაც მშენებლობის ეპიცენტრია.

„ამიტომ გაგვარიდეს ასეთი მეთოდებით იმ ადგილიდან და ახლა ვართ სოფელ გუმათში, ჩვენ თვითონაც გადავკეტეთ წუხელ გზა იმიტომ, რომ დაირღვა პრაქტიკულად ჩვენი კონსტიტუციური უფლებები პირდაპირ მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვის, რაც ჩვენი ფუნდამენტური უფლებაა“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ თუ რიონის ხეობის დამცველებს მშვიდობიანი პროტესტის სოფელ ნამოხვანში გაგრძელების საშუალება არ მიეცემათ, გადაკეტილ გზას არ გახსნიან:

„ამ შემთხვევაში სხვა არაფერი დაგვრჩენია. მაშინ გამოდის, რომ მართლა უნდა გადაგვიარონ ამ საპოლიციო ძალებით და გუშინ პირდაპირ დავდექით ამ ფაქტის წინაშე, მაგრამ საბოლოო ჯამში მერე პოლიციამ თავადვე შეიკავა თავი საბედნიეროდ. ეხლა დღეის მონაცემებით როგორ გაგრძელდება სიტუაცია, დღის განმავლობაში გამოჩნდება“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. მანვე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ასევე განმარტა, რატომ არ მიიღეს აქციის მონაწილეებმა შსს-ს შეთავაზება დაშლილი კარვების გუმათში გაშლასთან დაკავშირებით:

„გვთავაზობდნენ, გუმათში გაგვეშალა ის კარვები, რომლებიც გუმათში დაგვიშალეს, მაგრამ ჩვენი პროტესტის ძირითადი ადგილი არ არის სოფელი გუმათი, იმიტომ, რომ ეს არ არის ეპიცენტრი მშენებლობის და პროექტის, შესაბამისად, ჩვენი აქ ყოფნით უბრალოდ შინაარსი ეკარგება ზოგადად ჩვენს აქციას. სხვადასხვა დროს იყო მცდელობები იმისი, რომ ან თბილისში გადაგვეტანა ჩვენი კარვები, ან ქუთაისში გაგვეშალა, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ მოტივით არ მივდიოდით არსად, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომ გამოგვეყვანა ხელისუფლება საპასუხოდ იმ კითხვებზე, რა კითხვებიც ჩვენ გვაქვს, იყო ის, რომ იქ ვიყავით, კომპანიას ვაფერხებდით სამუშაო პროცესში და შემდეგ ეს ხდებოდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენთან კონტაქტზე გამოსულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ რაც არ უნდა დავსხდეთ აქ და წლობით ვიყოთ კარავში, დამერწმუნებით, რომ ყურადღებას არავინ მოგვაქცევს და არანაირი რეაგირება მათ ამაზე არ ექნებათ. ამიტომ კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვიყავით ჩვენ ნამოხვანში“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა „დილის საუბრებში“.

სოფელ ნამოხვანში პოლიციამ კვირას საღამოს რიონის ხეობის დამცველების კარვები დაშალა. შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება.

რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ და სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს, ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 168 დღის განმავლობაში იყო გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG