Accessibility links

site logo site logo

ირანმა პირობა დადო, რომ ნათანზის რეაქტორში აფეთქებისთვის შურს იძიებს ისრაელზე


ირანმა პირობა დადო, რომ შურს იძიებს საბოტაჟისთვის მის მთავარ ბირთვულ ობიექტზე. თეირანმა ისრაელს დასდო ბრალი ნათანზის ბირთვულ რეაქტორში ინციდენტისთვის, რომელმაც შეიძლება ჩრდილში მოაქციოს საერთაშორისო მცდელობა, სული შთაბერონ 2015 წლის შეთანხმებას, რომლიდანაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავიდა 2018 წელს.

ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ განაცხადა, რომ „ბირთვული ტერორიზმი“ იყო 11 აპრილს ნათანზის ბირთვულ რეაქტორში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი.

მანამდე ერთი დღით ადრე ირანმა დაიწყო ახალი ცენტრიფუგებით ურანის გამდიდრების პროცესი. ირანისთვის ნათანზის ობიექტს საკვანძო მნიშვნელობა აქვს ურანის გამდიდრების პროგრამისთვის და მას მონიტორინგს უწევს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო.

12 აპრილს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ისრაელს დასდო ბრალი ინციდენტისთვის. ზარიფის თქმით, ისრაელს სურს შური იძიოს, ვინაიდან ირანი წარმატებულ ნაბიჯებს დგამს მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების მიმართულებით. „მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ამის უფლებას არ მოგვცემენ. მაგრამ ჩვენ თვითონ ვიძიებთ შურს სიონისტებზე“, დასძინა ზარიფმა. მას არ დაუსახელებია ნათანზში ავარიასთან ისრაელის კავშირის რაიმე მტკიცებულება.

ისრაელის მედია ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყნის საიდუმლო სამსახურმა მოსადმა წარმატებით განახორციელა საბოტაჟის ოპერაცია ნათანზის ობიექტზე და, შესაძლოა, ამით ურანის გამდიდრების პროცესი რამდენიმე თვით დააბრკოლა.

ისრაელს განცხადება არ გაუკეთებია ნათანზის რეაქტორში მომხდარზე. ის, ჩვეულებრივ, კომენტარს არ აკეთებს ხოლმე საიდუმლო ოპერაციებზე.

The New York Times-ი ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ნათანზის რეაქტორში მომხდარ „დიდ აფეთქებასთან“ ისრაელს ჰქონდა კავშირი და რომ განადგურდა ელექტროენერგიის სისტემა, რომელიც დენით ამარაგებს ურანის გამამდიდრებელ მიწისქვეშა ცენტრიფუგებს. დაზვერვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ნათანზში ურანის გამდიდრების პროცესი მინიმუმ ცხრა თვით შეფერხდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG