Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Lancet-ი: კორონავირუსის ბრიტანული შტამი არ იწვევს COVID-19-ის უფრო მძიმე ფორმებს


კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში იქნა აღმოჩენილი 2020 წლის ბოლოს, ე.წ. ბრიტანული შტამი, არ იწვევს COVID-19-ით დაავადების უფრო მძიმე ფორმებს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავტორები გამოკვლევებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია სამედიცინო ჟურნალებში The Lancet Infectious Diseases-სა და The Lancet Public Health-ში.

The Lancet Infectious Diseases-ში გამოქვეყნებული სტატია ემყარება დაკვირვებებს ლონდონის ორ საავადმყოფოში. მკვლევრებმა შეისწავლეს 341 პაციენტის მონაცემები. ბრიტანული შტამით დაავადებულებს შორის ავადმყოფობა მძიმე ფორმით მიმდინარეობდა ან სასიკვდილო შედეგით დამთავრდა პაციენტთა 36%-ის შემთხვევაში. იმ პაციენტებში კი, რომლებსაც დაავადების სხვა ვარიანტის გამომწვევი ვირუსი აღმოუჩინეს, ეს მაჩვენებელი 38%-ს შეადგენდა.

The Lancet Public Health-ში აღწერილია გამოკვლევა, რომელიც ემყარება ბევრად მეტ შემთხვევას. შესწავლილ იქნა თითქმის 37 ათასი პაციენტის მონაცემები, რომლებიც კორონავირუსის ტესტის დადებითი შედეგის შესახებ იტყობინებოდნენ და მობილური აპლიკაციის მეშვეობით აღწერდნენ თავიანთ სიმპტომებს დაავადების მსვლელობის განმავლობაში. მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს რაიმე კავშირი COVID-19-ის მიმდინარეობასა და ბრიტანული შტამის გავრცელების გეოგრაფიას შორის.

ამასთან, ორივე გამოკვლევის ავტორებმა დაადასტურეს, რომ დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია 1,35-ჯერ უფრო გადამდებია თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG