Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ბასილაია: ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა


ბექა ბასილაია
ბექა ბასილაია

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დაცვის მხარისთვის მოსამართლის გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გაახმოვანა და იგი არ არის ის, ვინც თავის პროფესიულ საქმიანობას კანონის მოთხოვნათა და პროფესიული ღირსების შესაბამისად ახორციელებს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ცალსახად უკანონო და ეს უკანონო გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლო დარბაზში არ მიიღება. ეს გადაწყვეტილებები მიიღება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში და შემდეგ მოსამართლე ჩახნაშვილი ამ გადაწყვეტილებებს ახმოვანებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მან არ შეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მელიას 17 თებერვალს შეეფარდა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობები, რომლებიც, მათი თქმით, მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვას ეხებოდა.

მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

17 თებერვალს ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გადაწყვეტილების აღსრულება შსს-ს დაავალა.

შსს ნიკა მელიას დაპატიმრებას 18 თებერვალს გეგმავდა, თუმცა გადადო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG