Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა ანგაჟირებას უწოდებს რიონის ხეობაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარს


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ანგაჟირებას უწოდებს რიონის ხეობაში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"როცა წყლის დონე დიდდება, რა თქმა უნდა, ვერ შეფასდება უსაფრთხო გარემოდ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი ჩამოდის სხვადასხვა რეგიონიდან. თვითონ აქტივისტებიც არ იცნობენ ერთმანეთს", - თქვა თურნავამ.

არგუმენტების მოყვანისას მან გაიხსენა რიონის ხეობაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა, რომელიც ამ დრომდე ვერ იპოვეს.

"მთლიანობაში ძალიან ნათელია, რატომ არის დღეს შეზღუდული იმ კონკრეტულ ადგილას უცხო პირთა მიმოსვლა. დიდდება მდინარე რიონში წყალი, საკმაოდ საშიშ დონეს აღწევს... [გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე] არასწორი პოზიცია არის. ეს პოზიცია არის ანგაჟირებული. მე დარწმუნებული ვარ, თუ ისინი გაეცნობიან სიტუაციას, მიხვდებიან, რომ რაც კეთდება, უსაფრთხოების გამო კეთდება. ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე ასეთი უბედური შემთხვევა არ მოხდება იქ?" - თქვა თურნავამ.

ნამახვანჰესის პროტესტი გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

"ნამახვანჰესის" წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG