Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია აფრთხილებს აქციის მონაწილეებს "ენკას" ბაზასთან, რომ გამოიყენებენ პროპორციულ ძალას


გუმათში, ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია "ენკას" ოფისთან მიმდინარე აქციის მონაწილეები იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა გააფრთხილა, რომ თუკი გზას არ გაათავისუფლებენ, პოლიცია მათ წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებს. აქციამ "ენკას" ბაზასთან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც პროტესტის მონაწილეებს დღესაც, გუშინდელის მსგავსად, არ მიეცათ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება. "რიონის ხეობის გუშაგები" გეგმავენ, გადაკეტონ შემოვლითი გზები, რომლითაც პოლიცია და კომპანიის მანქანები გადაადგილდება.

პოლიციის გაფრთხილების შემდეგ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ დამატებით განმარტებას, რატომ არის მათი პროტესტის ეს ფორმა უკანონო და რომელი კანონით აიხსნება ის, რომ მათ დღეების განმავლობაში შეზღუდული გადაადგილების პირობებში უწევთ ცხოვრება, თუმცა მათ ეს განმარტება ვერ მიიღეს სამართალდამცველების მხრიდან. პროტესტის მონაწილეთა ლოგიკით, თუკი ხელისუფლებას და პოლიციას არ სურს გზა იყოს გადაკეტილი ხეობის მიმართულებით, მათთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ავტომატურად გაიხსნება ყველა გზა ხეობისკენ.

"თქვენ რატომ უნდა იაროთ ცენტრალური გზებით და მე რატომ უნდა ვიარო შემოვლითი გზით? რომელი კანონით მაფერხებთ და არ მიშვებთ სახლში? უკანონო ბრძანების აღსრულება არ არის კანონიერი - მე ამას არ დავემორჩილები. პოლიციის უფროსი ჩვენ გვეუბნება გაათავუსუფლეთ გზა, არა, ბატონებო, თქვენ გაათავისუფლეთ გზა და ჩვენ გაგვიშვით სახლში. ჩვენ არ შეგვიძლია დღეს სახლში გადაადგილება. როგორც ამათ უნდათ, ისე უნდა გადავაადგილდეთ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ნამახვანჰესის პროტესტი მეორე დღეა გუმათში გრძელდება - პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას შემდეგ, ყოველ ღამეს რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG