Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დასავლეთის მიმართულებით სამხედრო მანევრებს უკავშირებს ნატოსგან მომდინარე საფრთხეს


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

რუსეთმა „საკონტროლო შემოწმებისას“ დასავლეთ საზღვრებთან წარმატებით გადაისროლა ორი არმია და სადესანტო ძალების სამი შენაერთი, რომლებიც ამჟამად სწავლებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ქალაქ სევერომორსკში 13 აპრილს გამართულ თათბირზე შოიგუმ თქვა, რომ ჯარი გაიგზავნა სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შესრულების რაიონებში და ეს არის პასუხი ნატოსგან მომდინარე საფრთხეებზე. შოიგუს განცხადებით, რუსეთმა შესაბამის ზომებს მიმართა, რადგან რეაგირებს ალიანსის მხრიდან საფრთხის შემცველ სამხედრო ქმედებებზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, სამხედრო ძალებმა აჩვენეს სრული მზადყოფნა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების შესრულების უნარი. შოიგუს ინფორმაციით, დასავლეთ საზღვრებთან შეიარაღებული ძალების „საკონტროლო შემოწმება“ ორ კვირაში უნდა დასრულდეს. რუსეთმა „საკონტროლო შემოწმებად“ წოდებული მანევრები 6 აპრილს დაიწყო.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

13 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვითარების დეესკალაცისკენ მოუწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG