Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს სტუდენტური გამოცემა DOXA-ს ოთხი ჟურნალისტი


რუსეთში დააკავეს სტუდენტური გამოცემა DOXA-ს ოთხი ჟურნალისტი. მათთან 14 აპრილს ჩაატარეს ჩხრეკა და ისინი მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტში მიიყვანეს.

გამომძიებლებმა დაკავებულთა ადვოკატებს შეატყობინეს, რომ აღძრულია საქმე მუხლით არასრულწლოვნის ჩართვაზე ისეთ ქმედებაში, რაც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლეს. ამის შესახებ გამოცემის Telegram-ის არხი იტყობინება.

სამართალდამცველები ჟურნალის რედაქტორებთან ოთხშაბათს დილით მივიდნენ. ერთ-ერთმა მოასწრო შეტყობინება, რომ პოლიციელები მისი ბინის კარს ამტვრევენ. ჩხრეკა ჩატარდა ჟურნალის რედაქციაშიც. თანამშრომლებს ჩამოართვეს ტელეფონები და ლეპტოპები.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Agora-ს ხელმძღვანელმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ გაჩხრიკეს ორი ჟურნალისტის მშობლების ბინებიც.

წინასწარი ინფორმაციით, ჩხრეკა დაკავშირებულია ვიდეორგოლთან, რომელიც DOXA-ს ჟურნალისტებმა 23 იანვარს გამოაქვეყნეს. მასში ავტორებმა მიმართეს სტუდენტებს და აუხსნეს, რომ უკანონოა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მუქარა, რომ მათ გარიცხავდნენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობისთვის.

იანვარში „როსკომნადზორმა“ ჟურნალისტებს მოსთხოვა, YouTube-იდან მოეხსნათ ვიდეო ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების წინ სტუდენტთა დაშინების შესახებ.

DOXA არის დამოუკიდებელი სტუდენტური ჟურნალი, რომელიც აქტიურად აშუქებს განათლების პრობლემებს რუსეთსა და მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG