Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის წარმომადგენლის მოადგილე სახელმწიფოს ღალატისთვის გაასამართლეს


ალექსანდრ ვორობიოვი
ალექსანდრ ვორობიოვი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ურალის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენლის მოადგილეს 12,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. ალექსანდრ ვორობიოვი 2019 წლის ივლისში დააკავეს და მალე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მისმა უფროსმა, ნიკოლაი ცუკანოვმა ვორობიოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის შემდეგ მალე დატოვა სახელმწიფო სამსახური.

ვორობიოვის საქმის მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, გამოძიება აცხადებდა, რომ მასში მონაწილეობს სრულიად საიდუმლო მასალები. დაპატიმრების მომენტისთვის ვორობიოვი შედიოდა რუსეთის უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო სასაზღვრო კომისიაში და პრიორიტეტული პროექტების საპრეზიდენტო საბჭოში.

ვორობიოვის დაკავების შემდეგ ამტკიცებდნენ, რომ მას აღმოაჩნდა პოლონეთის მოქალაქის პასპორტი და ჩამწერი აპარატურა. „კომერსანტის“ დაუსახელებელი წყაროს თანახმად, ჩინოვნიკს არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლოებებზე მაღალი დონის წვდომა, მაგრამ მას შეეძლო ენახა და დაემუშავებინა თავისი ხელმძღვანელის დოკუმენტები. ვარაუდობენ, რომ მას შესაძლოა უცხოეთში, კერძოდ, პოლონეთში გადაეცა უშიშროების საბჭოს სხდომების შინაარსი.

დაპატიმრების შემდეგ ვორობიოვი გარიცხეს „ედინაია როსიადან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG