Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ვაფიქსირებთ მზადყოფნას, გადაიდგას ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ მმართველი პარტია მზად არის კონსტრუქციული მიდგომისთვის პრინციპების დაცვით. კობახიძესთან ერთად აშშ-ში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის დეპუტატები კახა კუჭავა და ირაკლი ჩიქოვანი.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას შეხვდნენ სენატორ ჯეიმს რიშს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ადამ კინზინგერს და ჯერი კონოლის, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯორჯ კენტს და თეთრი სახლის წარმომადგენელს, კრის სმიტს.

„ჩვენ გვესმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ არის მმართველი პარტია და მას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმისათვის რომ საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით. ეს ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ და მომავალშიც ბუნებრივია, მზად ვართ, გამოვავლინოთ აბსოლუტურად კონსტრუქციული მიდგომა, რა თქმა უნდა, პრინციპების დაცვით“, - უთხრა კობახიძემ ტელეკომპანიების, „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის თანახმად, საერთაშორისო პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს არჩევნების და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათგან რჩევების მოსმენა. ეს რჩევები არის ძალიან საინტერესო და ბუნებრივია, დაგვეხმარება იმაში, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ სათანადოდ გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური პროცესების სათანადოდ განვითარებას საქართველოში“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, მთავარია, რომ აშშ არის საქართველოს მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი და „ის არის საქართველოს ხელისუფლების მყარი პარტნიორი და მხარდამჭერი“.

„ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც დღემდე გაიმართა ჩვენს პარტნიორებთან. მჭიდრო თანამშრომლობა აშშ-თან არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში მთლიანობაში პოლიტიკური პროცესები სათანადოდ წარიმართება. აშშ არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება ჩვენ სასიცოხლო ინტერესებშია“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ვიზიტის ბოლოს ქართული მხარე ყველა შეხვედრას შეაჯამებს და კონკრეტულ დასკვნებს გამოიტანს.

ბოლო ხანს აშშ-ის კონგრესის და სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთი წარმომადგენელი გამოთქვამს შეშფოთებას და უკმაყოფილებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის და ევროკავშირის შუამავლობით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ჯერჯერობით უშედეგო მოლაპარაკების გამო. კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ.

პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აშშ-ში 12 აპრილს გაემგზავრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG