Accessibility links

site logo site logo

ბაიდენმა და მერკელმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის ზრდის თემა განიხილეს


ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი, ბერლინი, 2013 წლის თებერვალი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ჯარის შემცირება უკრაინის საზღვრებთან განმუხტავს რეგიონში დაძაბულობას, აცხადებს მერკელის ოფისი.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ მერკელი და ბაიდენი „გადაჭრით მოითხოვენ რუსეთისგან ვითარების განსამუხტად ჯარის გაყვანას“, რის თაობაზეც ლიდერები მათი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ 14 აპრილს.

ბოლო ხანს გავრცელებული ფოტო- და ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ რუსეთმა დიდი რაოდენობის ჯარი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ რუსეთი ამზადებს ჯარს უკრაინაში გასაგზავნად.

ბაიდენის და მარკელის საუბარი შედგა მას მერე, რაც ნატოს თავდაცვის მინისტრებმა გამართეს ვიდეოკონფერენცია და განიხილეს რუსეთის ჯარის ზრდის თემა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ეს არის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის ჯარის ყველაზე მსხვილი კონცენტრაცია რეგიონში.

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრები მოუწოდებენ რუსეთს, „შეწყვიტოს აგრესიული პროვოკაციები“.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ადმინისტრაცია მზადაა დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავდაცვის უზრუნველყოფა“.

მისი თქმით, ამერიკა უკრაინას მიაწვდის "არალეტალურ დახმარებას", მაგრამ ასევე გარკვეული ტიპის შეიარაღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG