Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ზელენსკიმ განიხილეს რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან


ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 აპრილს სატელეფონო საუბარში განიხილეს რუსეთის შეიარღებული ძალების უკრაიანის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში კონცენტრაციის საკითხი.

„პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსული ძალების თავშეყრით უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში. სამხედრო ძალის ასეთი მასშტაბური მოძრაობა მუქარის შემცველ და მადესტაბილიზებელ საქმიანობას წარმოადგენს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო საზღვრებში აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირი ერთსულოვნად სოლიდარულია უკრაინისადმი“, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადებაში.

ამასთან პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა რუსეთს, რომ დაიცვას ეუთოს პრინციპები და ვალდებულება სამხედრო ძალის გამჭვირვალე გადაადგილებასთან დაკავშირებით.


მანამდე ნატომ და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის ზრდაზე და რუსეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს.

რუსეთმა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა ორი არმია და სადესანტო ძალების სამი შენაერთი, რომლებიც ამჟამად სწავლებაში მონაწილეობენ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ქალაქ სევერომორსკში 13 აპრილს გამართულ თათბირზე შოიგუმ თქვა, რომ ჯარი გაიგზავნა სასწავლო-საბრძოლო ამოცანების შესრულების რაიონებში და ეს არის პასუხი ნატოსგან მომდინარე საფრთხეებზე. შოიგუს განცხადებით, რუსეთმა შესაბამის ზომებს მიმართა, რადგან რეაგირებს ალიანსის მხრიდან საფრთხის შემცველ სამხედრო ქმედებებზე.

უკრაინა თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ნაწილების თავმოყრას ახალი აგრესიისთვის მზადებად აფასებს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფების კონცენტრაცია აშფოთებთ ნატოს, ევროკავშირს და აშშ-ს, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG