Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს ზომიერს უწოდებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ 15 აპრილს დაწესებული სანქციები შედარებით ზომიერია, თუმცა, თუ რუსეთი გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, შესაბამის პასუხს მიიღებს.

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ, სატელეფონო საუბრისას პუტინს მოსალოდნელი სანქციების შესახებ ღიად უთხრა და ისიც გააგებინა, რომ სანქციები შესაძლოა, უფრო მასშტაბური ყოფილიყო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამ ეტაპზე თანაზომიერად მოქმედება გადაწყვიტა, რადგან მისი ადმინისტრაცია დაინტერესებულია რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობების დამყარებით.

ბაიდენის თანახმად, 15 აპრილს დაწესებული სანქციები პასუხია რუსეთის მიერ უკვე ჩადენილ ქმედებებზე, რადგან აშშ არავის მისცემს არჩევნებში და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის უფლებას.

ამასთან, აშშ პრეზიდენტი აცხადებს, ვაშინგტონი არ ისწრაფვის რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციისკენ და დაინტერესებულია სხვადასხვა საკითხში თანამშრომლობით. ბაიდენის თქმით, იმედი აქვს, რომ პუტინთან ეფექტურ ურთიერთობას შეძლებს და ამ იდეას პუტინიც იზიარებს. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის დაწყების შანსი იქნება შეხვედრა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას შესთავაზა. ჯო ბაიდენის თანახმად, შეხვედრა შესაძლოა, ზაფხულში გაიმართოს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.

თეთრ სახლში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ 13 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და პუტინს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებებისგან. ბაიდენის თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს აშშ-ის ინტერესების და ფასეულობების და მოკავშირეების დაცვას.

15 აპრილს აშშ-მა რუსეთის 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და მასშტაბური კიბერთავდასხმის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი ვაშინგტონის სანქციებს ადეკვატურად უპასუხებს. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თანახმად, ახალი სანქციები ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG