Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები საქმის მასალებს ითხოვენ


დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე გენერალური პროკურატურისგან მოითხოვენ საქმის მასალების გადაცემას. მათ, როგორც დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებმა, პროკურატურას დღეს მიმართეს.

„დამთავრდა ყველაფერი იმით, რომ ჩვენ გვცნეს დაზარალებულად და ამის შემდეგ არანაირი აქტივობა აღარ ყოფილა პროკურატურაში“, - უთხრა დღეს მედიას დავით დვალმა. მისი თქმით, დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს. ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ისინი მართლები არიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „რუსთავი 2“ დამფუძნებლებს დაუბრუნდეს.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განმარტებით, რამდენიმე ხნის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც დაზარალებულს ეკრძალებოდა სისხლის სამართლის საქმის ასლების მიღება. ადვოკატის განცხადებით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, როგორც დაზარალებულები, უფლებამოსილი არიან საქმის მასალების ასლი ჰქონდეთ.

„საქმის მასალების მიღებით გახდება ცნობილი, რასთან გვქონდა საქმე და რა დანაშაული იქნა ჩადენილი. ამასთანავე, ვაფრთხილებ პროკურატურას, არ გამოიტანოს რაიმე დადგენილება, ხელი არ წაუცდეთ, რომ ისინი დაზარალებულთა სიიდან ამორიცხონ. ეს იქნება კიდევ ახალი დანაშაული“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში დაიბრუნა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, შესთავაზა 40%-იანი წილი, რომელზეც მათ უარი თქვეს. ტელეკომპანიის დამფუძნებლები ხალვაშისგან 60%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვენ. ეს საქმე სასამართლოშია.

დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ „რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს.

პროკურატურამ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულად 2015 წელს ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG