Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს 7 მძევალი ჰყავდა


შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადების თანახმად, ბანკის ფილიალზე თავდასხმის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.წ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და მძევლად 7 ადამიანი აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყებაში ამ ეტაპზე არ განმარტავენ, რა მოთხოვნები ჰქონდა თავდამსხმელს.

ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღია მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

თბილისში, ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ექსპრეს-ფილიალში შეიარაღებული პირი 16 აპრილს დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე შეიჭრა. მისი დაკავების სპეცოპერაცია თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG