Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე: დოკუმენტი გაუმჯობესებულია, თუმცა გვაქვს ჩვენი შეშფოთებები


ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ განაცხადა, რომ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სახელით 18 აპრილს წარდგენილი დოკუმენტი გაუმჯობესებულია ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელ გზებსა და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ მასთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთებები მაინც რჩება.

„ნიკა მელიას პოზიცია ცალსახად არის, რომ არ გაიცვალოს რაიმე სახით თავისუფლება მისი ამ ვადამდელ არჩევნებზე, ამნისტიაზე ან ასე შემდეგ. თუმცა გასაგებია, რომ იმ ამნისტიაში მხოლოდ პოლიტიკურ მდგენელზეა საუბარი, მაგრამ მისი პოზიცია ცალსახაა, რომ, ასე ვთქვათ, გათანაბრება არ შეიძლება ამ ამნისტიის პირობებში, რასაც პირველი ნაწილი ეხება დოკუმენტის, 20 ივნისის იმ დანაშაულებებთან, რომელიც ჩადენილი იყო სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, რადგან ნიკა მელიას დაკავება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, გათავისუფლებაც შესაბამისად, პოლიტიკური გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხს, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ასევე კითხვებს ბადებს თვითმმართველობის არჩევნების მიბმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან:

„თავისთავად ის, რომ "ქართული ოცნება" საერთოდ არ საუბრობდა ვადამდელ არჩევნებზე და ეს ვადამდელი არჩევნები მათთვის იყო ეგრეთ წოდებული წითელი ხაზი და გაჩნდა ასეთი კონკრეტული კონტური ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ეს არის თემა, რომელიც გაჩნდა ზუსტად ამ საერთაშორისო მეგობრების ზეწოლით და ოპოზიციის ძალიან პრინციპული პოზიციით ბოიკოტთან დაკავშირებით და ერთიანობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი პოზიცია, მთლიანი ოპოზიციის, ყოველთვის იყო შესაბამისი, რომ თვისობრივად თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა ერთიანი ნაციონალური არჩევნების, ცოტა წარმოუდგენელია. ჩემთვისაც გაურკვეველია იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები თავისთავად სხვა პრინციპია და საპარლამენტო სხვა პრინციპია. თუმცა ის, რომ კონტურები არსებობს, რაღაცა კონტექსტში კარგია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მიბმაც არის ჩვენი ერთ-ერთი შეშფოთების საგანი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით, კითხვის ნიშნები არსებობს დოკუმენტში გაწერილ სხვა საკითხებზეც. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას დოკუმენტთან დაკავშირებით შესაძლოა სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეს, ერთმანეთის პოზიციებს არ დააზიანებენ. ხაზია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ კონსულტაციები დოკუმენტის გარშემო გაგრძელდება როგორც პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG