Accessibility links

site logo site logo

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ხელს მოაწერს შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს


გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა, ხელი მოაწეროს ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სახელით განახლებულ დოკუმენტს. მისი თქმით, მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, შეთანხმება შესაძლოა იქცეს შემობრუნებისა და დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად.

„მეგობრებო, მე აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება ყველა კომპონენტი ამ დოკუმენტისა არ მოგწონდეს, მაგრამ ამ დოკუმენტში არის ყველა ფუნდამენტი იმისთვის შექმნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, რომელმაც შეიძლება, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან იხსნას... და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას უნდა მოუსმინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ და პირველ რიგში ეს უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. იგი ამბობს, რომ კარგად ესმის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხთან ემოციური დამოკიდებულებისა და იმ ჯგუფებისა, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში „გარკვეული მაქსიმებით“ ხელმძღვანელობდნენ, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებელი“ გადაწყვეტილების მიღებისას ვითარების რეალურ და პრაგმატულ აღქმას ეფუძნება:

„მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ "ქართულ ოცნებასთან", როგორც უდიდეს უსამართლობასთან ბრძოლის ყველა საშუალება და რაც მთავარია, გამარჯვებამდე შევქმნათ გამარჯვებისთვის საჭირო წინაპირობები.

ის, რომ ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური მოტივით დევნა და უნდა გათავისუფლდნენ ამ მოტივით დაკავებული ადამიანები, არის ძალიან მნიშვნელოვანი;

ის, რომ თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება ვაქციოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორების დიდ სამოქალაქო მოძრაობად;

ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლო და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა;

ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, უფრო თავისუფალი და მიუკერძოებელი საარჩევნო სისტემა;

დიახ, სწორედ ამაზე შეთანხმება არის გამარჯვების მიღწევის წინაპირობა.

მეგობრებო, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საწყის ეტაპზე, შეუძლებელი ჩანდა 9 აპრილის კომუნისტ ჯალათებთან რამეზე შეთანხმება, მაგრამ იმ დროინდელი ლიდერების ჯგუფის პრაგმატულმა ქცევამ, რომ დაეყოლიებინათ კომუნისტური პარტია მრავალპარტიულ არჩევნებზე, შექმნა თავისუფლების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის გადამწყვეტი პირობები“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე განცხადებაში. ამ განცხადების მიხედვით, ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება და ეს უნდა გაითვალისწინონ როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა.

„ჩვენ ან ვიპოვით კრიზისიდან გამოსავალს შეთანხმების გზით, ან უკომპრომისო და შეურიგებელი ქმედებებით კიდევ ერთხელ, ეჭვქვეშ დავაყენებთ თავისუფლებას და ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რითაც ისარგებლებს არა ჩვენი მოქალაქეები, არამედ მტრული სახელმწიფო, რომელზეც არა ერთხელ მიგვითითეს ამერიკის სენატის და ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

დიახ, აღნიშნული შეთანხმება გამარჯვება არ არის, მაგრამ არსებულ ვითარებაში ხელსაყრელ პირობებს ქმნის გამარჯვებისთვის“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის" გარდა, დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე დააფიქსირეს "ლელოსა" და "გირჩის" წარმომადგენლებმა.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG