Accessibility links

site logo site logo

ევროკომისია: პრეზიდენტი სოლიდარულია ჩეხეთის პოზიციის მიმართ რუსეთის საკითხზე


ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის პრესმდივანმა, ერიკ მამერმა ორშაბათს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნო პოზიცია ჩეხეთის გადაწყვეტილებაზე რუსეთის საკითხზე.

"ცხადია, რომ ჩეხეთის მიერ დაკავებულ პოზიციას ევროკომისიის პრეზიდენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს, და, როგორც იცით, [ურზულა ფონ დერ ლაიენი] მუდმივად ინარჩუნებს კონტაქტს პრემიერ-მინისტრებთან, საკითხების მთელი სპექტრის გარშემო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, არ ეხება გუშინდელ მოვლენებს. საუბარია წარსულში მომხდარ მოვლენებზე. და განცხადებები მიემართება დასკვნებს, რომლებიც ეროვნულმა უწყებებმა გამოიტანეს, ამ მოვლენებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გარშემო".

მანამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩეხეთის მიერ რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევებაზე მოსკოვის რეაქცია უფრო მკაცრი გამოდგა, ვიდრე პრაღაში მოელოდნენ, ამიტომ, ჩეხეთის მთავრობა გეგმავს ახალ ნაბიჯებს.

კიდევ უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩეხეთის ქმედების საპასუხოდ, მოსკოვში ამ ქვეყნის საელჩოს 20 თანამშრომელი გამოაცხადოს პერსონა ნონ გრატად.

ჰამაჩეკის სიტყვებით, „ეს რეაქცია უფრო მძაფრი იყო, ვიდრე ველოდით, დიპლომატების რიცხვი მეტია, ვიდრე ჩვენ მიერ გაძევებული მზვერავების რაოდენობა“, - თქვა მან.

ჩეხეთის რესპუბლიკა თვლის, რომ მის მიერ ქვეყნიდან გაძევებული რუსეთის მოქალაქეები სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან.


17 აპრილს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ 2014 წელს ჩეხეთში იარაღის და ამუნიციის საწყობის აფეთქების უკან. ამ ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.

ბაბიშმა დაასახელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 29155-ე ქვედანაყოფი, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპაში მოწყობილი თავდასხმების და მკვლელობის სერიასთან, მათ შორის, ყოფილი რუსი აგენტის, სკრიპალის, მოწამვლასთან ინგლისში. განადგურებული იარაღი და ამუნიცია, გავრცელებული ცნობებით, განკუთვნილი იყო უკრაინისთვის, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. ბულგარელი იარაღით მოვაჭრე, რომელიც ამ მორიგების ორგანიზატორი იყო, ასევ გახდა თავდასხმის სამიზნე.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნატო და ევროკაშირი მხარს უჭერენ ჩეხეთის გადაწყვეტილებას და გამოაცხადეს, რომ მხარში უდგანან პრაღას.

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეხეთის მიერ გამოთქმული ბრალდებები კიდევ ერთი ნიმუშია პრაღის მიერ მოსკოვის მიმართ გამოხატული „მტრული მოქმედებისა“.

19 აპრილს ჩეხეთისა და რუსეთის საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG