Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა გირჩი ჯაფარიძე ხელს მოაწერს შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს 


ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ განახლებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

პოლიტიკოსმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები „ფეისბუკზე" დაწერა:

„ხელს ვაწერ სამი რამის გამო:

  1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები
  2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს
  3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა
  • არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა
  • არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება
  • არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო
  • არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე
  • არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში
  • არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ".

ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი ხელმოწერა მხოლოდ სიმბოლური ხასიათის აღმოჩნდება. მისი ინფორმაციით, 22-23 აპრილს აქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვს საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც მას უარი უთხრეს პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმებაზე.

„ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო", - აცხადებს ის.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მანამდე პარლამენტში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გარდა დოკუმენტზე ხელმოწერის თანხმობა საჯაროდ უკვე გამოთქვეს „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" და „გირჩის" წარმომადგენლებმა. დოკუმენტს ეთანხმება „ქართული ოცნებაც".

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG