Accessibility links

site logo site logo

სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი


სალომე სამადაშვილი

ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს. ამ დოკუმენტის ხელმოწერა დღეს ადასტურებს ერთადერთ რამეს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა იმისკენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა ადამიანების და ჩვენს ქვეყანაში გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში ჩვენ არასდროს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების“, - თქვა სალომე სამადაშვილმა.

პოლიტიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციური სპექტრი სრულად იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დოკუემენტზე ხელმოწერის საკითხზე გადაწყვეტილებას, ხვალ, 20 აპრილს მიიღებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა ცერემონია, რომელიც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.

სასახლეში იმყოფებიან და დოკუმენტს ხელს აწერენ „გირჩიდან“ ვახტანგ მეგრელიშვილი, „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე, „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, „ლელოდან“ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - „სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG