Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავარიის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება


19 აპრილის, შუადღეს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს. დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაციიდან 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზით იღებს.

ელექტროსადენი, რომლის სახელწოდებაა „ზარამაგი-ჩრდილოეთ პორტალი-ჯავა“ ავარიის გამო ხშირად გამოდის მწყობრიდან. საღამოს საათებში ცხინვალელმა ენერგეტიკოსებმა დაზიანებული ადგილი იპოვეს და შეკეთებას შეუდგნენ.

„დაზიანება სრულად აღმოფხვრილი არ არის. იქნება შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდებისას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება", - უთხრა სააგენტო „რეს"-ს ენერგოკომპანიის დირექტორის მოადგილემ ანატოლი გაბარაევმა.

დაახლოებით ერთი თვის წინ ელექტროსადენზე დიდთოვლობის გამო ავარია მოხდა და ის რამდენიმე დღის განმავლობაში დაზიანებული იყო.

დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ რუსეთის დახმარებით სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი აგოს, რაც ადგილობრივი ენერგეტიკოსების აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG